ზაფხულის სიცხეების პიკის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მაქსიმალურადაა გაზრდილი. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ  კლინიკებში მიმართვიანობა საგრძნობლადაა მომატებული.

განსაკუთრებით ზღვისპირა  ქალაქებსა და საკურორტო ზონებში,  ზაფხულის პერიოდში  ნაწლავური ინფექციები  და  ბაქტერიული დიარეები იჩენს თავს.  ნაწლავური ინფექციები უფრო ხშირად ბავშვებს უვითარდებათ. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ბავშვებს ელექტროლიტების შემცველი სითხეები მიაღებინონ და აუცილებლად გაიარონ ექიმის კონსულტაცია.


მათი განმარტებით, „საზაფხულო მოწამვლების“ მთავარი მიზეზი არა დაბინძურებული წყალი ან საკვებია, არამედ ამ საკვების არაჰიგიენურ პირობებში მიღება ან არასწორად შენახვა, რადგან მაღალი სიცხეების დროს შენახვის ვადები მცირდება, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ. 

ციციშვილის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელის მაია ჩხაიძის რეკომენდაციაა, საკურორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ზონებში, არაჰიგიენურ პირობებში საკვები არ მივიღოთ. განსაკუთრებით ყურადღება მართებთ მშობლებს, რომლებმაც, გარდა პლაჟზე ან სხვა კურორტებზე შვილების კვების ჰიგიენის დაცვისა, გამგზავრებამდე უნდა მოიმარაგონ ყველა საჭირო მედიკამენტი.

„ზაფხული, მოგეხსენებათ, დიარეების სეზონია და როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული გენეზის დიარეების გავრცელებული. ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, მალფუჭებადი (როგორიცაა რძე და რძის პროდუქტები), შებოლილი პროდუქციისა და ძეხვეულის შენახვის პირობების დაცვა. ზღვის სანაპიროსთან ბავშვებს უყვართ საკვების მიღება, რაც არაფრით არ შეიძლება, რადგან ხელდაუბანელი მდგომარეობით, შესაძლებელია, დიარეა გავრცელდეს. მთავარი ისაა, რომ აუცილებელია მშობლებმა კურორტებზე წაიღონ ყველა ის პრეპოარატი, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეს. მათ შორის ელექტროლიტების ხსნარი, როგორც წესი, აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ,“ - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.