საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად დაძლევს სამ უდიდეს ეპიდემიას. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 


მან ისაუბრა ბე ჰეპატიტის მართვის ახლადდაწყებულ პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ძვირადღირებულ კვლევებსა და მედიკამენტებს დააფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ  მსურველს შეუძლია კონკრეტულ კლინიკებში უფასოდ გაიკეთოს B ჰეპატიტის სკრინინგი, უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში კი ჩაიტაროს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც დაავადების განვითარების რიკს პრაქტიკულად გამორიცხავს. როგორც ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, ქვეყანაში ქრონიკული B ჰეპატიტი მოზრდილი მოსახლეობის 2.7 % აქვს, რაც დაახლოებით  70 000 ადამიანს მოიცავს. მისი თქმით, დაავადების მართვის  სირთულის გათვალისწინებით,  პირველ ეტაპზე, პროგრამა მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ ფიბროზი ან ციროზი, ასეთი კი დაახლოებით 35 000 პირია.

„პაციენტს ჩაუტარდება მუცლის ღრუს ულტრაბგერა ექოსკოპია, ხომ არ არის იქ რაიმე დაზიანება. ასევე ე.წ. ელასტოგრაფია, რომელიც განსაზღვრავს, როგორია ღვიძლის დაზიანების ხარისხი ამ მომენტისთვის. პროგრამის ბენეფიციარების კონტინგენტი გაიყოფა ორ ნაწილად: პირველ ეტაპზე, ერთი-ორი წელი პროგრამა მოემსახურება მხოლოდ იმ ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ უკვე განვითარებული ფიბროზი ან ციროზი. დაუფინანსდებათ სისხლის ყველანაირი გამოკვლევა, მათ შორის ღვიძლის ფუნქციები, სისხლში ბე ჰეპატიტის ვირუსის კონცენტრაცია და სხვა, საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები. რაც მთავარია, პაციენტები მომარაგებულები იქნებიან მედიკამენტებით,“ - განაცხადა ცერცვაძემ. 


მისივე თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად დაძლევს სამ უდიდეს ეპიდემიას - აივ-შიდსს, C ჰეპატიტს და B ჰეპატიტს. 


“აივ-შიდსის დაძლევასთან ძალიან ახლოს ვართ. ცე ჰეპატიტზე საერთოდ საუბარი არ არის, ელიმინაცია მიმდინარეობს დიდი წარმატებით. ამ უნიკალური პროგრამით უკვე განიკურნა 86 ათასზე მეტი ადამიანი,” - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.