არღვევს თუ არა პაციენტის უფლებებს კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც პარლამენტში ამ ეტაპზე განიხილება? 

ეს საკითხი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პირველ მოსმენაზე დასვა. 

მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართა.

კერძოდ, სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხო პროექტის იმ ჩანაწერს, რომლის თანახმად, „ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელია“.

ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ ეს ურთულესი და უმძიმესი ოპერაციაა, რომელსაც არა მხოლოდ ოპერაციული, არამედ პოსტოპერაციული ურთულესი გართულებები მოჰყვება, რასაც მსოფლიო სტატისტიკა გვაჩვენებს. 
ლომინაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის ჯანმრთელობის კანონმდებლობასთან და მასში სწორი ჩანაწერი კეთდება. თუმცა მან დასვა კითხვა, ხომ არ ზღუდავს ეს ცვლილება პაციენტის უფლებას. ამაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ პაციენტის უფლებები იზღუდება, თუმცა ამ შეზღუდვის საფუძველიც განმარტა:

„გარკვეული შეზღუდვები წესდება, მაგრამ ამ შეზღუდვებს გააჩნია ლეგიტიმური მიზნები და მსგავსი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. როდესაც ლეგიტიმური მიზანი არსებობს, შესაძლებელია, ამ ლეგიტიმურობიდან გამომდინარე, გარკვეული უფლებები იქნას შეზღუდული და ესეც მოქალაქის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეა,“ - განაცხადა იონათამიშვილმა. 
მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი, ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.