რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). - გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთო კომისია.
ვის და რა დოკუმენტაციით უნდა მიმართოთ რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?
რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე იწერება განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მოთხოვნის ფურცელი.
უცხოეთში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში:
ა) მაძიებლის და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) მიმდინარე წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაN IV–100/ა), სადაც მკაფიოდ და დეტალურად არის განმარტებული ყველა პუნქტი, შესაბამისი კოდების მითითებით: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა. საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ფორმა №IV-100/ა-ში დამატებით უნდა იყოს ექიმის რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის საჭიროების თაობაზე (ICD–10 და NCSP კოდების მითითებით).
გ) საზღვარგარეთის კლინიკის მიერ საერთაშორისო ვალუტაში ( დოლარი, ევრო) გაცემული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით
(ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიალურად) დანახარჯები მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი ჩაშლის მიხედვით:
- არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი სხვა);
- სამედიცინო მომსახურება: (ოპერაციული ჩარევა; კონსერვატიული მკურნალობა; დიაგნოსტიკა; ქიმიოთერაპია;სხივური თერაპია და სხვა.)
დ) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან მკურნალობისთვის მობილიზებული თანხის დაფიქსირებით.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია.
ამასთან ერთად, მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციაც.
განცხადებების განხილვისას კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და გადაწყვეტს დაფინანსების საკითხს.
განმცხადებელს კომისიის გადაწყვეტილება (როგორც დადებითი პასუხის, ისე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში) ეცნობება დადგენილი წესით- პროგრამულად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
როდის იმართება რეფერალური პროგრამის კომისია?
რეფერალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთო კომისია თვეში 2-ჯერ იმართება,ხოლო სპეციალური შემადგენლობის - კვირაში ერთხელ.
შესაბამისი კომისიის მიერ სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაკავშირება სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505