ვის და რა პირობებით შეუძლია საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა?

 ამ საკითხზე განმარტებებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო აკეთებს. სააგენტოს ინფორმაციით, გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება მოიცავს ყველა ტიპის ამბულატორიულ სერვისს, გარდა გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა.

პროგრამით გათვალისწინებული გეგმური აბულატორიული მომსახურებით ისარგებლებენ:

🔹 პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს (გარდა საპენსიო ასაკისა).

შესაბამისად, განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიები:

• საპენსიო ასაკის მქონე პირები;

• 0-5 წლის ასაკის ბავშვები;

• სტუდენტები;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;

• მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

• საპენსიო ასაკის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, მათი შემოსავლის მიუხედავად;

• პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა;

• 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები და სხვა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარგებლეთა სრული ჩამონათვალი -"საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-2 მუხლის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეები - იხილეთ: დანართი 1-ში.

კერძო დაზღვევის არმქონე:

🔹 წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები (ეკუთვნით მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაცია);

🔹 თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან არარეგულარული შემოსავლის მქონე ან თვითდასაქმებული ან სხვა პირები.

გეგმური ამბულატორიული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ:

🔹 პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია. მათ შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში:

• მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება;

• ასევე ინფექციური დაავადებებების მართვა.

გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება:

🔹 პროგრამაში ჩართულ პირებს, სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, ეკუთვნით ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის ან სოფლის ექიმის მიერ მიწოდებული შემდეგი გეგმური ამბულატორიული მომსახურება, რომელიც სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება:

• ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე;

• პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი);

• ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები;

• დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი, საჭიროების შესაბამისად;

• ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტული გამოკვლევები:

✔️ელექტროკარდიოგრაფია.

• ექიმის დანიშნულებით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

✔️ სისხლის საერთო ანალიზი;

✔️ შარდის საერთო ანალიზი;

✔️ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;

✔️ კრეატინინი;

✔️ ჰემოგლობინი;

✔️ ქოლესტერინი სისხლში;

✔️ შრატში ლიპიდების განსაზღვრა;

✔️ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

✔️ პროთრომბინის დრო.

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

• სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა).

🔹 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს, გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, ოჯახის, უბნის ექიმის და ექთნის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით, შესაძლებლობა აქვთ ასევე ისარგებლონ, ბენეფიციარის კატეგორიიდან გამომდინარე - უფასოდ ან შესაბამისი თანაგადახდით, შემდეგი სერვისებით:

ექიმ-სპეციალისტთა მომსახურება - ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის და ქირურგის კონსულტაცია;

ინსტრუმენტული გამოკვლევები - საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია;

კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები - ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH.

🔹 მიზნობრივი, ასაკობრივი ჯგუფების ბენეფიციარებისათვის, ასევე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურებით განსაზღვრული შემდეგი სამედიცინო მომსახურებები: იხილეთ დანართი 2.

🔹პირებისათვის, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა, ასევე 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის ბენეფიციართათვის, გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, უფასოა: იხილეთ დანართი 3.

ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის სხვა დანარჩენი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ითვალისწინებს მათი მხრიდან კვლევის მხოლოდ 30%-ის თანაგადახდას.

🔹დაზღვევის არმქონე პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40,000 ლარზე ნაკლებია და ყოველთვიური - 1000 ლარი და მეტია, პროგრამის პირობების შესაბამისად, გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მხოლოდ ოჯახის, უბნის ექიმის და ექთნის ან სოფლის ექიმის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე.

🔹 თუ დაზღვევის არმქონე ბენეფიციარის თვიური დარიცხული ხელფასი 1000 ლარზე ნაკლებია საშუალო შემოსავალზე, ან ის წარმოადგენს არარეგულარული შემოსავლის მქონე ან თვითდასაქმებულ ან სხვა პირს, ამ კატეგორიის ბენეფიციარისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, უფასოა: იხილეთ დანართი 4.

ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით, ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ასევე სხვა დანარჩენი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ითვალისწინებს მათი მხრიდან მხოლოდ 30%-ის თანაგადახდას.

🔹 თუ პირი სარგებლობს მინიმალური პაკეტით, გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, შეუძლია მიიღოს:

• ოჯახის, უბნის ექიმის და ექთნის ან სოფლის ექიმის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე;

• პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი);

• სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა).

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება:

🔹 "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-2 მუხლის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უფინანსდებათ 100%-ით. იხილეთ: დანართი 1.

🔹 პირებს, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 100 000 ერთეულს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უფინანსდებათ 100%-ით.

🔹  6 - 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უფინანსდებათ 100%-ით.

🔹  პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია - უფასო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ.

🔹  წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები - უფასო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ.

🔹 თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე 2017 წლის იანვრის მდგომარეობით დაზღვეული პირები - უფასო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ.

🔹 თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე 2017 წლის იანვრის შემდგომ დაზღვეული, დაუზღვეველი და მინიმალური პაკეტის მქონე პირები - გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლებენ 50%-იანი თანაგადახდით.