რა იწვევს საქართველოში გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და ფილტვის დაავადებების მაღალ მაჩვენებელს, რომლებიც ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზების სამეულს შეადგენს. 


ამ თემაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, სტატისტიკის შეფასების გარდა, მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. 
კარდიოლოგ  ზურაბ ფაღავას თქმით, მაღალ არტერიულ წნევას, რომელიც გარდაცვალების მიზეზებს შორის ერთ-ერთი წამყვანია,  იწვევს ზედმეტი წონა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა და დაბალი ფიზიკური აქტივობა. ამიტომ, მისი შეფასებით, ამ მხრივ გადადგმული ყოველი ნაბიჯი იქნება უდავოდ სასარგებლო და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ რისკებს შეამცირებს. 


ფაღავა იმ სიმპტომებსაც ჩამოთვლის, რომლებსაც თავიდანვე უნდა მივაქციოთ ყურადღება: 

„დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, რომელიც ჩნდება ფიზიკური დატვირთვისას და ქრება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუმცა ის შეიძლება გაჩნდეს სრულიად უმიზეზოდაც. ასეთ შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ექიმისადმი მიმართვა. არის ნევროლოგიური ნიშნებიც და ეს ნევროლოგის კომპეტენციაა. ესაა მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, თავბრუს ხვევა.“


დაზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ალხანიშვილი ასევე აქცენტს აკეთებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე. მისი თქმით, ცხოვრების წესის შეცვლით ბევრი სერიოზული პრობლემის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

„გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ გვაქვს სხვადასხვა სკრინინგ-პროგრამა, მაგალითად კიბოს სკრინინგი, რომელთა მოცვაც ძალიან დაბალია. თამბაქოს მოხმარების გარდა, ჭარბი წონის და სიმსუქნის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი გახლავთ მარილის ჭარბი მოხმარება, რითაც ქართული საზოგადოება ასევე გამოვირჩევით. ერთი პატარა რეკომენდაცია ვთქვათ - დავიწყოთ იმით, რომ მაგიდიებდან ავიღოთ სამარილეები,“ - განაცხადა ალხანიშვილმა. 
ექსპერტების თქმით, საჭიროა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მათ შორის ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა.  ზურა ალხანაშვილის თქმით, თუ სახელმწიფო არაგადამდები დაავადებების მკურნალობაზე დასახარჯ თანხას მცირე ნაწილს მოაკლებს და პრევენციაში ჩადებს, ეს დადებით შედეგებს მოიტანს.


მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მეტი ინვესტიცია. ალხანიშვილის განმარტებით, შესაძლოა, ამ ინვესტიციის შედეგი მყისიერად არ დავინახოთ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი მიდგომა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგებს იძლევა. ამისთვის კი, მისივე შეფასებით, აუცილებელია მასობრივი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის მუდმივი შეხსენება.