ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 21 ივნისიდან ევროპაში ანომალიური სიცხის გამო 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტია - აქ ტემპერატურის ზრდის ტემპი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია. 


მისი თქმით, ამჟამად დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი იმყოფება ექსტრემალური სიცხის ზემოქმედების ქვეშ. იხურება სკოლები, ენერგოსისტემები ძლიერ დატვირთვას განიცდის. 

ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შედეგად სიცხის ტალღები, რომლებიც ადრე მხოლოდ „ერთი თაობის განმავლობაში ერთხელ“ ხდებოდა, ახლა თითქმის ყოველწლიურ მოვლენად იქცა. მისი თქმით, ორგანიზაცია ამ საფრთხეების შესახებ არაერთხელ აფრთხილებდა ქვეყნებს. 

„21 ივნისიდან ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო 1 300-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა. სითბური სტრესი ხშირად „ჩუმ მკვლელად“ მოიხსენიება, ხოლო ევროპის საცხოვრებელი სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები მსგავსი ტემპერატურისთვის არ არის გათვლილი,“ — განაცხადა გებრეიესუსმა. 


მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან ერთად ექსტრემალური სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების შემცირებაზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მზადყოფნას, პრევენციას და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას.

გებრეიესუსმა ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, დანერგონ მოსახლეობის სიცხისგან დაცვის ეროვნული გეგმები, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.