ექსპერტები მუშაობენ ფილტვის კიბოს საწინააღმდეგო „რევოლუციურ“ ვაქცინაზე, რომელიც, მათი მტკიცებით, დაავადების შემთხვევების 90%-ის თავიდან აცილებაში დაეხმარებათ. 

ვაქცინის პირობითი სახელია LungVax და მასზე ოქსფორდის უნივერსიტეტის, ფრენსის კრიკის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტი კოლეჯის მეცნიერების ჯგუფი მუშაობს. პრეპარატის მიზანია, იმუნურ სისტემას „ასწავლოს“ დაავადების ადრეული სიმპტომების აღმოჩენა და მასთან ბრძოლა.

ექსპერტებმა ამ ვაქცინაზე მუშაობას უწოდეს „კრიტიკული მომენტი“ დამანგრეველი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. 
იმუნური სისტემისთვის კიბოს ამოცნობისა და მასზე შეტევის სწავლება დღეისათვის კიბოს კვლევის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. 

მკვლევრები ამბობენ, რომ ვაქცინა AstraZenaca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის ბაზაზე იქმნება.
„თუ ჩვენ შევძლებთ იმ წარმატების გამეორებას, რომელიც პანდემიის პერიოდში იქნა მიღწეული, შევძლებთ ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას მხოლოდ ბრიტანეთში,“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი. 
კვლევისთვის მეცნიერებმა Cancer Research UK-ისა და კიბოს ფონდ CRIS-სგან მიიღეს გრანტი 1,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით.

გუნდი ასევე მიიღებს დაფინანსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ლაბორატორიული კვლევების განვითარებისა და ვაქცინების პირველი 3 ათასი დოზის წარმოების მიზნით. 


წარმატების შემთხვევაში ის უკვე კლინიკურ კვლევებზე გადავა დიდი ბრიტანეთის გარკვეულ ნაწილში. საკვლევ პრეპარატს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც დაავადების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. პირველ რიგში, საუბარია ყოფილ და ამჟამინდელ მწეველებზე.