ელექტრონული სიგარეტის მოხმარებამ, შესაძლოა, ადამიანის გენების ცვლილებაც კი გამოიწვიოს. 
ამის შესახებ თურქეთში, თამბაქოს ახალი თაობის პროდუქციის საკითხისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ევროპის რესპირატორული საზოგადოების კომიტეტის წევრმა და ინგლისის საიმპერატორო კოლეჯის წარმომადგენელმა ენდრიუ ბუშმა განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული სიგარეტების გამოყენებამ ეპიდემიის სახე მიიღო ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ პროდუქტს აქვს პრეტენზია, რომ ის ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით ნაკლებ საზიანოა. თუმცა, მისივე შეფასებით, მისი გამოყენება აზიანებს არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ „დე ენ ემ“-საც. საუბარია 1219 სხვადასხვა გენზე. სპეციალისტის თქმით, მოწამვლის ფაქტები აღინიშნა 2-3 წლის  ბავშვებში, რომელთა ორგანიზმში მავნე ნივთიერებები ელექტრონული სიგარეტის სახლში, ოჯახის სხვა წევრების მიერ მოხმარების შედეგად მოხვდა. 
პროფესორი ბუში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თამბაქოს „ალტერნატიული“ პროდუქციის მოხმარება გაიზარდა როგორც მოზარდებსა და ბავშვებში, ისე ორსულებს შორის. მისივე თქმით, ეს საშიში პროდუქტი ბაზარზე iqos-ის, ფენოვანი ბატონებისა და სხვა ფორმებით იყიდება.

ბუშის განცხადებით, ელექტრონულმა სიგარეტმა თამბაქოს მოხმარების ასაკი 10-11 წლამდე დაიყვანა. შედეგად, მისი თქმით, მომდევნო წლებში ფილტვის კიბოს შემთხვევები სულ უფრო ახალგაზრდა თაობაში გამოვლინდება. 
სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მშობლები არ ერიდებიან შვილებს და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს მათი თანდასწრებით მოიხმარენ. 


ამ პროდუქციის გამოყენების შემთხვევები გახშირდა სკოლებში. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ზოგ შემთხვევაში პროდუქტს ფლეშ-ბარათის ფორმა აქვს, მასში შემავალი არომატების გამო კი, მძაფრი სუნი არ წარმოიქმნება, რის გამოც მასწავლებლები ვერ აფიქსირებენ კლასში თამბაქოს მოხმარებას. 
ამას ემატება ის, რომ ზოგიერთ პროდუქტს რამდენიმე ბავშვი ერთდროულად მოიხმარს, რაც ინფექციური დაავადებების რისკს ზრდის.

პრობლემას ქმნის ისიც, რომ პროდუქტები ბაზარზე თავისუფლად იყიდება არაერთ ევროპულ ქვეყანაში. 
პროფესორ ბუშის თქმით, მართალია, თურქეთში აღნიშნული პროდუქცია აკრძალულია, მაგრამ აკრძალვა ფურცელზე არ უნდა იყოს და უნდა მოქმედებდეს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ პროდუქტს ყიდის, განსაკუთრებით - ბავშვებზე. ასეთ დანაშაულზე ბუში პატიმრობის შემოღებასაც კი უჭერს მხარს.