რიო-დე-ჟანეიროში, სადაც დღე-დღეზე ცნობილი ყოველწლიური კარნავალი იწყება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი დენგეს ცხელების აფეთქებაა.მართალია, ამის გამო კარნავალის ჩაშლას არავინ ელოდება, თუმცა დენგემ ქალაქის ხელისუფლება აიძულა, დაავადების გავრცელების შესაკავებლად მთელი რიგი სპეციალური ზომებისა მიეღო.

რიოს მერიამ 10 სამედიცინო ცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა, სადაც ინფიცირებულებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ინფექციის ყველაზე აქტიური გავრცელების რეგიონებში ხელისუფლება ასევე გამოიყენებს „ორთქლის მანქანებს“, რომელთა მიზანიც ინფექციის ჰაერში განეიტრალებაა.

2024 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში დენგეს ცხელების 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფისირდა, ეს კი 2023 წლის მაჩვენებლის ნახევარზე ოდნავ ნაკლებია.

ეს განცხადებები იმ ფონზე კეთდება, როცა ტურისტები რიოში იყრიან თავს, რათა მონაწილეობა მიიღონ ქუჩის ღონისძიებებსა და სამბას სკოლების აღლუმებში.

ტურისტების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით იგეგმება ვიზიტორებისთვის მწერების საწინააღმდეგო სპრეის, სტიკერების, ქუდების და სხვადასხვა საინფორმაციო მასალის დარიგება.

რიოში მოგზაურობას როგორც წლის სხვა პერიოდში, ისე კარნავალის მიმდინარეობის დროს მომხმარებელს ქართული ტურისტული კომპანიებიც სთავაზობენ.

დენგე არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანს დაინფიცირებული კოღოს კბენის შემდეგ გადაედება.  ასეთი კოღოები ძირითადად ტროპიკულ კლიმატში ბინადრობენ. ხშირი წვიმები და მაღალი ტემპერატურა ამ მწერების გამრავლებას ხელს უწყობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულთა უმრავლესობას სიმტპომები არ უვითარდება, მათი გამოვლენის შემთხვევაში კი ადამიანს აწუხებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ტკივილი მთელს სხეულში, გამონაყარი და გულისრევა.

პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა ერთ კვირაში უმჯობესდება, თუმცა მათ ნაწილს მძიმე ფორმა უვითარდება და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ასეთ შემთხვევაში დენგეს ცხელებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

2023 წლის მარტში ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინა და გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც პაციენტებს ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის საშუალებით შესთავაზა. წელს ვაქცინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს.

რიოს კარნავალი, რომელიც ბრაზილიაში წლის მთავარი ტურისტული მოვლენაა, ამ პარასკევს იწყება და 14 თებერვლამდე გაგრძელდება.