გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა 2023 წელს შემოსავლების პროგნოზი 4 მილიარდ ევრომდე შეამცირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წყაროს მოჰყავს კომპანიის განცხადება, რომლის განცხადებითაც, მესამე კვარტალში მისი სუფთა მოგება 91%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 160,6 მილიონი ევრო შეადგინა. 
რაც შეეხება ამონაგებს, მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 74 პროცენტით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 900 მილიონ ევრო შეადგინა. გასულ წელს, იგივე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 3,5 მილიარდ ევრომდე იყო. 


კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების რეალიზაციის შემცირების გამო, მოსალოდნელი წლიური შემოსავლები, რომლებიც მანამდე 5 მილიარდი ევროს დონეზე იყო განსაზღვრული, 4 მილიარდამდე შემცირდა.  გასულ წელს კომპანიის შემოსავლები 17,2 მილიარდი იყო, რომლის დიდი ნაწილიც ვაქცინების გაყიდვაზე მოდიოდა.

BioNTech-ი, რომელმაც პირველმა გამოუშვა ბაზარზე კოვიდის ვაქცინა, “ერ ენ ემის” მეთოდის გამოყენებით კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების დამზადებაზეა ორიენტირებული.

კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის (პირობითი სახელწოდებით BNT316) კვლევის მესამე ფაზა 2023 წლის ივნისის შემდეგ მიმდინარეობს.

BioNTech-ი ასევე მუშაობს სამკურნალო ტექნოლოგიაზე, რომელსაც ქიმითერაპიის ჩანაცვლება შეუძლია. 
მეორეს მხრივ, რადგანაც შემოსავლების პროგნოზები შემცირდა, კომპანიამ მეორედ შეამცირა 2023 წლისთვის დაგეგმილი კვლევებისა და მედიკამენტების შექმნის ბიუჯეტი, რომელიც ამ ეტაპზე 2 მილიარდ ევრომდეა.