აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში კონტროლს ამკაცრებს. მიზეზი ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების საფრთხეა.
გამოცემა APA-Economics-ს სახელმწიფო საბაჟო სამსახურში განუცხადეს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ქვეყნები, რომლებიც „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რისკის წინაშე დგანან და სწორედ ამ ქვეყნებიდან მიმავალ მგზავრებზეა ახლა გადატანილი ძირითადი ყურადღება.
უწყების მონაცემებით, სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე რეგულარულად ტარდება თანამშრომლების ტრენინგები განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით. ბოლო პერიოდში კი ძირითადი აქცენტი კეთდება „მაიმუნის ყვავილის“ კლინიკური სიმპტომების გამოვლენასა და პროფილაქტიკაზე.
„არსებული ტექნიკური საშუალებები გამოიყენება აეროპორტებსა და სხვა გამშვებ პუნქტებში მყოფი იმ მგზავრების გამოსავლენად, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ,“ - ნათქვამია საბაჟო სამსახურის ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, ინფექციის არსებობის საეჭვო შემთხვევაში, გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.