მედიკამენტების იაპონელმა მწარმოებელმა Kobayashi Pharmaceuticals-მა მისი კიდევ ორი მომხმარებლის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. საუბარია საკვებ დანამატებზე, რომლებმაც ქოლესტერინის დონე უნდა შეამციროს. 

შედეგად, აღნიშნული მიზეზით შესაძლო გარდაცვალების შემთხვევები 4-მდე გაიზარდა. 100-ზე მეტი პაციენტი კი ჰოსპიტალიზებულია.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცადა, რომ აუცილებელია დაავადებების მიზეზების აღმოჩენა და რეაგირების სხვადასხვა ზომის განხილვა, თუ ეს აუცილებელი გახდება. 


გასულ კვირაში Kobayashi-მ ბაზრიდან გაიწვია სამი დანამატი, მათ შორის Beni Koji Choleste Help-ი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი 106 მომხმარებელი თირკმლის პრობლემებით ჰოსპიტლებში მოხდა.

ურეცეპტოდ გასაცემი პროდუქტები შეიცავს ინგრედიენტს - წითელ გაფუებულ ბრინჯს („ბენი ქოჯი“), რომელიც, მწარმოებლის განცხადების თანახმად, ხელს უწყობს მავნე ქოლესტერინის დონის შემცირებას.

„ბენი ქოჯი“ შეიცავს Monascus purpureus-ს - წითელ ობს, რომელიც ასევე გამოიყენება საკვებ საღებავად. 
მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მწარმოებელს მოუწოდა სწრაფი და სერიოზული ზომების მიღებისკენ, რათა დაადგინოს მომხდარის მიზეზი. 

მთავრობამ განაცხადა, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საზოგადობას სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მოსახლეობაში შეშფოთება იზრდება.

მედიის ინფორმაციით, ფერმენტაციის პროცესში, ორგანიზმში, შესაძლოა განვითარდეს ტოქსინი, რომელიც თირკმელებს აზიანებს, თუმცა თავად კომპანია ირწმუნება, რომ მის ანალიზს მსგავსი არაფერი გამოუვლენია. 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატების გარდა, ბაზრიდან ასევე გაიწვიეს სხვა კომპანიების 40-ზე მეტი პროდუქტი, რომლებიც „ბენი ქოჯის“ შეიცავს, მათ შორისაა კრეკერები, საკე, პური და სხვა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია იაპონიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და სხვადასხვა ქვეყანას მიაწოდა. 

კომპანია წითელ გაფუებულ ბრინჯს იაპონიაში 50-მდე, ტაივანში კი 2  ფირმას აწვდის.

როგორც აღმოჩნდა, თირკმელებთან დაკავშირებული საჩივრები მწარმოებელმა ჯერ კიდევ იანვარში მიიღო.