გერმანული ფარმაცევტული გიგანტი Merck-ი გეგმავს 5,5 მილიარდი დოლარის გარიგების გაფორმებას იაპონურ ფარმაცევტულ გიგანტ Daiichi Sankyo-სთან, კიბოს სამკურნალო მედიკამენტის შექმნის მიზნით.
საუბარია სამ მედიკამენტზე. ინფორმაციას სააგენტო medimagazin.com ავრცელებს.
მედიასაშუალების თანახმად, Merck-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ Daiichi Sankyo-სთან გაფორმებული ხელშეკრულების მიზანია კიბოს სამკურნალო პრეპარატების შექმნა და მთელ მსოფლიოში მათი პოტენციური კომერციალიზაცია.
ხელშეკრულების თანახმად, Daiichi Sankyo აიღებს ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას მედიკამენტის სამი კანდიდატის შექმნასა და მიწოდებაზე. საუბარია ანტისხეულების პრინციპზე დაფუძნებულ წამლებზე.
ცნობისთვის: ქიმიოთერაპიის დროს მედიკამენტი შეჰყავთ სისხლში და ის კლავს ყველა სწრაფად გამყოფ უჯრედს, როგორც კარგს, ისე - ცუდს. ანტისხეული კი არის სისხლის ცილა, რომელიც წარმოიქმნება კონკრეტული ანტიგენის (ტოქსინის ან ინფექციის) საპასუხოდ.
Merck-ი Daiichi Sankyo-ს ავანსის სახით 4 მილიარდ დოლარს გადაუხდის. ეს უკანასკნელი კიდევ 1,5 მილიარდს მომდევნო 24 თვის განმავლობაში მიიღებს.
გაყიდვების მოცულობის მიხედვით, Merck-მა შესაძლოა ამ მიმართულებით კიდევ 16,5 მილიარდი დოლარი გაიღოს.
გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Daiichi Sankyo-ს აქციები 14,5%-ით გაიზარდა.