მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სამინისტრო კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი რაც შეიძლება ხელმისავწდომი იყოს მოსახლეობისთვის.
ამის შესახებ “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან, ფასების შემცირების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერმა და მინისტრებმა, მთავრობის და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით, ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ბიზნესს აქვს ოქროს კანონი, რასაც პირადად მე ვიყენებ, რაც ბიზნესში ვარ 34 წელი - რაც უფრო იაფად და ნაკლები ფასნამატით ყიდი პროდუქციას, მით უფრო მეტს ყიდი და მით უფრო მეტი გაქვს მოგება. რაც უფრო ძვირად და მეტი ფასნამატით ყიდი, მით უფრო ნაკლებს ყიდი და ნაკლები გაქვს მოგება და ბოლოს საერთოდ კოტრდები. ანუ ჩვენი, ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით და იაფად გავყიდოთ მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა,“ - აღნიშნა პაატა კურტანიძემ.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც მედიკამენტების ფასების საკითხზე შეიქმნება, მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ სხვა სამინისტროები, რადგან თემა უკავშირდება წარმოებასაც.
მისივე ინფორმაციით, სექტორი წარადგენს წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლებისა და თავად ინდუსტრიის მხრიდან, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.
„კმაყოფილი ვარ, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ეს წინადადებები რეალურად განხორციელდეს.
ფასების კლების სივრცე არის ის, რომ მაგალითად წინა მინისტრმა მიიღო დადგენლება, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგისტრაცია არის უმკაცრესი მსოფლიოში, ამიტომ ბევრი წარმოების წამალი, რომლებსაც აქვს შედარებით დაბალი ფასი, უახლოეს ხანებში, როცა ეს დადგენილება შედის ძალაში, აღარ იქნება ქვეყანაში და მოსახლეობას მოუწევს ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება თუ გადახედვა მოხდება, ამაზე მთავრობის მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნულის განხილვა მოხდება. ასეთი სივრცეები ნაყოფიერი მუშაობის პირობებში ძალიან ბევრი გამოიკვეთება,“ - განაცხადა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, ამჟამად საქართველოში ბრუნვაშია 10 ათასი მედიკამენტი, მათგან 7 ათასი რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებულია და დარჩენილ 3 ათასსაც სამინისტრო ამ სიას თანდათან ამატებს.
„7 ათასი პოზიციიდან 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები, კონკურენციიდან გამომდინარე, უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. ასე რომ, რეფერენტული ფასები ერთია, მაგრამ კონკურენცია ფარმაცევტულ სექტორში უმწვავესია,“ - განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა.
ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ ფარმაცევტულ სექტორთან შეხვედრა დღეს გამართა.




