მედიკამენტებზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს და შესაძლოა,  საუბარი შეეხოს რეფერენტული ფასების გავრცელებას მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებზე.


ამის შესახებ "საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის"  ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა ე.წ. ფასების კომისიასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„თანამშრომლობის საფუძველზე რესურსი ყოველთვის არსებობს. საუბარია, რომ იყოს სამართლიანი ფასები. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი რამდენიმე წელია დაწყებულია. ალბათ საუბარია პროცესის უფრო გაუმჯობესებაზე, მეთოდოლოგიის დახვეწასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებზე გავრცელებაზე. სწორედ აქ ვხედავთ რესურსს. საქართველოში 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი რეგულირდება, მაგრამ კიდევ ამდენივე ამის მიღმა რჩება. პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, ასევე მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მაგრამ რომელ მედიკამენტსაც სოციალური წნეხი აქვს, მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ სახელმწიფო პროგრამის განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის მიწოდებას პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე დავადგინოთ ის სამართლიანი ფასი, რაც საახელმწიფომაც უნდა გადაიხადოს  და ყველა ჩვენგანმა ჩვენი ჯიბიდან,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია ფარმაცევტულ სექტორთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო.