ტრამპის ადმინისტრაცია აფართოებს აკრძალვებს, რომლებიც აბორტის სერვისების მხარდამჭერი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. გაფართოების შემდეგ აკრძალვა გავრცელდება იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სააგენტოების დახმარებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერულ იდენტობას, მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და ინკლუზიურ პროგრამებს.

კერძოდ, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაქვეყნებს საბოლოო წესებს, რომლებიც გააფართოვებს „მეხიკო სიტის“ პოლიტიკას. აღნიშნულმა კანონმა  უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ აბორტთან დაკავშირებულ მომსახურებას ეწევიან. პოლიტიკა პირველად პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს შეიქმნა, შემდგომში ის დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ გააუქმა და ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღდგა.

ახალი წესები, რომლებიც პირველად Fox News-მა გაავრცელა, კრძალავს საგარეო დახმარების გაწევას არა მხოლოდ იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ აბორტის, როგორც ოჯახის დაგეგმვის მეთოდის ჩატარებას, არამედ მათთვისაც, ვინც მხარს უჭერს „გენდერულ იდეოლოგიას“ და თანასწორობას.

ოფიციალურმა პირმა Fox News-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ გაფართოებული პოლიტიკა 30 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების შეკვეცას გულისხმობს. ცვლილება მოიცავს არა მხოლოდ უცხოურ და აშშ-ში დაფუძნებულ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.


ადამიანის უფლებათა კამპანიის პრეზიდენტის კელი რობინსონის თქმით, თეთრი სახლი, პოლიტიკური ინტერესების გამო, საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანებისთვის აუცილებელ დახმარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.