რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი 1000-მდე დასახელების წამლით გაიზარდა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ფასის ზედა ზღვარი, ჯამში 3268-მდე წამალზეა განსაზღვრული.

ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული პოზიციით, ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე უნდა გავრცელდეს, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდა, რაც ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფომ განუსაზღვრა ის მაქსიმალური ჭერი, რომლის ზემოთაც წამლის რეალიზაცია აიკრძალა. ფარმაცევტული სექტორის განცხადებით, რეფერენტული ფასების დაანგარიშების მეთოდოლოგია ხარვეზიანია, რის გამოც ბაზარზე ასობით დასახელების მედიკამენტების დეფიციტია.