რას ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც ორ კანონში იგეგმება და რომლის მიზანიც სახელმწიფოს მიერ ინოვაციური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის თანახმად, „მართული შესვლის შეთანხმება“ ფორმდება ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან სპეციალური პირობებით, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს პაციენტისთვის თავდაპირველ უფასო მკურნალობას, რომლის ღირებულებაც განისაზღვრება კვლევის შედეგების მიხედვით და სხვა.
მართული შესვლის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და საჭირო ხდება სახელმწიფო შესყიდვების პრინციპებიდან მისი გათავისუფლება.
„2022 წლის მონაცემებით, ონკოლოგიის პროგრამის ფარგლებში სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების ანაზღაურებისთვის გაიხარჯა 87 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის ამ თანხის 53% (46 მლნ ლარი) დაიხარჯა ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტების ანაზღაურების მიზნით. პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტში გადახდილი დანაზოგით მოხდება დაუფარავი საჭიროებების გათვალისწინება. 2023 წლის მონაცემებით ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 84 ონკოლოგიური მოლეკულის შესყიდვა ხორციელდება, მათგან 34-ს მინიჭებული აქვს ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტის სტატუსი. აღნიშნული ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტებიდან 2023 წლისთვის მწარმოებლებთან მოსალაპარაკებლად შერჩეულია 28 მოლეკულა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ასეთი ხელშეკრულება ფორმდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვის სპეციალური პირობებით და წარმოადგენს კონფიდენციალურ შეთანხმებას.