რეფერენტული ფასის დაწესებამ და სახელმწიფოსთვის ძვირადღირებული მედიკამენტების პირდაპირი გზით შესყიდვის უფლების მიცემამ შესაძლებლობა შექმნა, ონკოპაციენტებმა მედიკამენტები და მკურნალობა სრულად მიიღონ. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„25 ათასლარიანი ლიმიტი გულისხმობს მედიკამენტების და იმუნოთერაპიის დაფინანსებას, ამიტომ ის რეგულაციები, რაც შემოღებულია რეფერენტულ ფასთან ერთად, ის, რომ ჩვენ კანონი შევცვალეთ და სახელმწიფოს მივეცით უფლება, ინოვაციური მედიკამენტები პირდაპირი შესყიდვის გზით შეისყიდოს, საშუალებას მოგვცემს, 25 ათასი ლარის ფარგლებშიც მოხდეს სრული მკურნალობა და ლიმიტის გარეშეც, რაც, დარწმუნებული ვარ, წელს იქნება,“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

პირველი არხის სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 77%-ით გაიზრდება და სხვა ქვეყნებთან ერთად ამ გამოწვევის პასუხისთვის საქართველოც უნდა მოემზადოს. სწორედ ამიტომ გამოაცხადა ქვეყანამ ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება ერთ-ერთი პრიორიტეტად  და თერაპიების გარდა,  ონკოქირურგიის დაფინანსებაც დაიწყო. 


მთავარი პრობლემა ახლა ადრეული დიაგნოსტიკაა, რაც პაციენტებისთვის საკმაოდ მაღალ დანახარჯებს უკავშირდება. სამინისტროს განცხადებით, 2024 წლიდან ამ მიმართულებასაც დააფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ ძვირადღირებული პრეპარატების შეძენა სახელმწიფომ შუამავლების გარეშე,  უშუალოდ უცხოელი მწარმოებლისგან, პირდაპირი შესყიდვის პრინციპით დაიწყო, რამაც საქართველოსთვის ონკოლოგიური მედიკამენტების მკვეთრად გაიაფება გამოიწვია. 


ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება 21 სხვადასხვა დასახელების პრეპარატის შესყიდვაზე 2 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან - „როშთან“ და "ნოვარტისთან“ უკვე გააფორმა. უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკება სხვა მწარმოებლებთანაც მიმდინარეობს.