2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში 45 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი  წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებს 10,4%-ით აჭარბებს, მთელ ექსპორტში კი 2%-ს შეადგენს.

შარშან, იგივე პერიოდში, სამკურნალო საშუალებების ექსპორტი მთელი ექსპორტის 1,7%-ს შეადგენდა, ფულად გამოხატულებაში კი 41 481 000 დოლარი იყო.

ზოგადად კი, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყნის ექსპორტმა 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელი წლის იანვარ-მაისთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.6 მლნ. აშშ დოლარით (4.6 პროცენტი).