DRG სისტემის მოქმედების ერთი წლის განმავლობაში დაფინანსდა 488 615 სამედიცინო შემთხვევა, მომსახურება გაეწია 357 000 პაციენტს. პროგრამის ბიუჯეტმა 749 758 137 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, 2023 წლის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, DRG სისტემაში ჩართულია 296 სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა და ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა 62%-ით შემცირდა. DRG სისტემის დანერგვის შედეგად პაციენტების თანაგადახდამ 27% - დან 10 % - მდე იკლო.
შეგახსენებთ, რომ DRG-ს სისტემა ქვეყანაში 2022 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები დაფინანსების ახალი მოდელით იანგარიშება. კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ „წონის“ მიხედვით.