ახალი სახელმწიფო პროგრამით, რომლის მიზანიც ონკოპაციენტი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მაღალტექნოლოგიური და მაღალხარისხიანი მკურნალობაა, უკვე ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია 50 პატარა პაციენტი. 


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის  კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სერვისის განვითარებას.

„უნდა აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით
ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, - გამაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.


შეგახსენებთ: პროგრამა გასული წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 


პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პროტონოთერაპიას.