ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ-ის CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ასევე, ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის ასპექტებზე, გადაცემის პრევენციის გზებზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.
როგორც, შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული.
"ახლოს ვართ იმ მდგომარეობასთან, როცა ქვეყანა მთლიანად თავისუფალი იქნება ცე ჰეპატიტისგან. ესაა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი წარმატება, რაც, გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ, არის სასწაული ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გამარჯვებისა," - აღნიშნა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს სახელით, ცენტრის წარმომადგენლებს, ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით, საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"გვქონდა პატივი შევხვედროდით ჯანდაცვის მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, რათა გვემსჯელა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც არის გრანდიოზული. 2015 წლიდან 2021 წლამდე მონაკვეთში, C ჰეპატიტი 67%-ით შემცირდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, ვიმუშაოთ ერთობლივად, იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს თავის სტატუსის შესახებ და მიიღოს ხელმისაწვდომი მკურნალობა,"- განაცხადა აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორმა ქეროლაინ ვესტერმა.