რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა, შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია - ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტრომ გაავრცელა. 
უწყების ცნობით, თანამშრომელთა ამ ნაწილმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტის არჩევა შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კლინიკაში, აქციების დაწყებამდე, 650 -მდე თანამშრომელი ირიცხებოდა. პერსონალის ნაწილმა საპროტესტო აქციები იანვარში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, მოხდეს შენობის დემონტაჟი და იგივე ტერიტორიაზე ახალი, მულტიპროფლური სახელმწიფო საავადმყოფო აშენდეს.


ერთერთი ექიმი, რომელმაც სხვა კლინიკაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თეონა ფოლადაშვილია. ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ექიმის სატელეფონო კომენტარს, რომელშიც ფოლადაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაოდ ინგოროყვას კლინიკაში გადავიდა.


„მე ვიყავი დასაქმებული როგორც ექიმი გინეკოლოგი და შემოთავაზებული ვარიანტებიდან ავირჩიე ტოლფას პოზიციაზე დასაქმება. ვმუშაობდი რესპუბლიკურში დაახლოებით 3 წელია. როგორც იცით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სპეციალური პასუხისმგებელი საბჭოა შექმნილი, სწორედ მათ გამიწიეს სრულფასოვანი და ეფექტური შუამდგომლობა, დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელიც მე ავირჩიე. უნდა ითქვას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი სურვილები და კომპეტენციები. საბოლოოდ დამიკავშირდნენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციიდან, გავიარე მათთან გარკვეული საკითხები, რომლებიც ახალი კადრის მიღების დროს არის  გათვალისწინებული. ორივე მხარის შეთანხმებით გავაფორმეთ ურთიერთ თანამშრომლობა,“ - აღნიშნავს თეონა ფოლადაშვილი.