2023 წელს, კლინიკების ინსპექტირების შედეგად, DRG კომპონენტებზე მთლიანი ასანაზღაურებელი თანხის დაახლოებით 7.5% დაკორექტირდა, რაც 35 897 955 ლარს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, 2023 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ტარიფების ღირებულებითი წონების ცვლილებისა და შემთხვევების კორექტირების შედეგად, დაზოგილი თანხა 70 მილიონამდე ლარია.

ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა 62%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ცალკეულ სახელმწიფო პროგრამებში დახარჯულ საბიუჯეტო თანხებს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის მიზნით, რომელიც  2023 წლიდან სრულად, თითო პაციენტზე 120 000 ლარით ფინანსდება, გასულ წელს 8 პაციენტი 900 000-ზე მეტი ლარით დაფინანსდა. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. შედეგად, დაფინანსება 2022 წელთან შედარებით 13 მილიონით გაიზარდა და ბენეფიციარებმა 54 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები უფასოდ მიიღეს. დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო დაფინანსებით ჯამში 3848-მა პაციენტმა ისარგებლა, რაზეც 35 762 812 ლარი დაიხარჯა.

ჯანმრთელობის დაცვის 15 მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გასული წლის ბიუჯეტი 220 518 805 ლარი იყო.