საქართველოში მოქმედ 210 ჰოსპიტალს, რაც კლინიკების 78%-ს შეადგენს, დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2023 წლიდან
დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია: 210 ჰოსპიტალს (კლინიკების 78%) დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. რამდენიმე დაწესებულებამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს,“ - ნათქვამია მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა მომავალი წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება. საქართველოს ბაზარზე უკვე შემოსულია რამდენიმე უცხოური მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებებთან მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.