ჯანდაცვის მინისტრს მიეცა უფლებამოსილება, სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამშობიარო დაწესებულება, პრობლემის მოგვარებამდე, გონივრული დროით, გაათავისუფლოს სექტორში მოქმედი გარკვეული რეგულაციისგან.

აღნიშნულს ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ცვლილება შევიდა „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის ბრძანებაში. 
კერძოდ, ბრძანებას ემატება შემდეგი მუხლი:


 “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაათავისუფლოს დაწესებულება ამ ბრძანებით დადგენილი ცალკეული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, და დაწესებულებას მისცეს გონივრული ვადა ამ მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდება, თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მოთხოვნის/მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას.“
ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ძალაშია და 2024 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამშობიარო კლინიკებს, მათში არსებული სერვისების სირთულის მიხედვით  ენიჭებათ ესა თუ ის დონე. 


პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლები მხოლოდ ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე არიან ორიენტირებულნი, მეორე კატეგორიის საავადმყოფოები გართულებული მშობიარობისთვის უნდა იყვნენ მზად. მესამე დონედ კი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება ითვლება, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში ჩვილის ან მშობლისთვის რთული ოპერაციის ჩატარება უნდა შეძლოს. კლინიკა უნდა აკონტროლებდეს ინფექციების გავრცელების საფრთხეებს, აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტექნიკით და ინფრასტრუქტურით, ასევე სათანადოდ უნდა უვლიდეს მშობიარესა და ახალშობილს, რათა გართულებები თავიდან იქნას არიდებული.
გარდა ამისა, ბრძანებაში, 2015 წლის შემდეგ, დამატებითი მოთხოვნები შევიდა. 

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სამშობიაროებს საკეისრო კვეთებზე მაქსიმალური ზღვარი დაუწესდათ. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ სამშობიაროებს,  რომელთაც 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე აქვთ შემდეგი მონაცემები: საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში ტოლია ან ნაკლებია 24%-სა.

საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის 40% ან ნაკლები, ხოლო III დონის დაწესებულებებში − 45% ან ნაკლები.  39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში არის 40% ან ნაკლები; საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია 0,1%-ით ან მეტით. ამასთან, თუ დაწესებულებას, 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩერდება მიმწოდებლის სტატუსი.

დამატებითი პირობებია განსაზღვრული თვითმმართველი ქალაქებისთვის – ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქუთაისისთვის. ამ შემთხვევაში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, სადაც მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 750-ზე მეტია.