მშობიარეს თანაგადახდის უფლება შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს, რადგან ზოგიერთი მათგანისთვის კომფორტის მხრივ სხვადასხვა სერვისი აუცილებელია.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში „დავარაშვილის კლინიკის“ ხელმძღვანელმა დავით დავარაშვილმა განაცხადა.

„ისეთი სერვისები, რომლებიც მომსახურების პროცესში აუცილებელი არ არის, მაგრამ აუცილებელია ზოგიერთი პაციენტისთვის კომფორტის მხრივ, იქნება ეს ვიაიპ პალატა თუ სხვა ბევრი ნიუანსი - თუ პაციენტს სურს, რატომ უნდა შევზღუდოთ?“ - განაცხადა დავარაშვილმა.

გაგუას კლინიკის საოპერაციო დირექტორის ირაკლი გაგუას თქმით კი ცვლილებების შედეგად მოლოდინი არის, რომ საკეისრო კვეთის წილი უნდა შემცირდეს, თუმცა ამას დასჭირდება დრო და ადაპტირება როგორც კლინიკების და ექიმების, ისე პაციენტების მხრიდან. 


ცნობისთვის: მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან  სამშობიაროებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, ბენეფიციარებს დამატებითი თანხები გადაახდევინონ. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. დაფინანსება  მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურსაც. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ  და არაპირდაპირ ხარჯს.

DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება და ამ მომსახურებების მისაღებად პაციენტმა საყოველთაო ჯანდაცვა ერთჯერადად უნდა დატოვოს და  მშობიარობასა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად დაფაროს.

დავარაშვილისა და გაგუას კლინიკებში ახალ ტარიფს დადებითად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე სახელმწიფო მშობიარობას 500 ლარით, საკეისრო კვეთას კი 800 ლარით აფინანსებდა.