თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის აუზებსა და სპორტდარბაზებში სიარულის დაფინანსებას გულისხმობს, ფართოვდება - შემოდგომიდან მასში ვარკეთილის ახალი მულტიფუნქციური ცენტრი ჩაერთვება. ამ ეტაპზე პროგრამით 1000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.
პროგრამაში როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო სპორტული ცენტრებია ჩართული.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი თენგიზ ვერულავა მიიჩნევს, რომ მსგავსი პროგრამების რაოდენობაც და მოცვაც უნდა გაიზარდოს, რადგან ეს დაავადებების გართულების პრევენციას და, შესაბამისად, გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები დაავადებების გართულებების თავიდან აცილებასა და ჰოსპიტალიზაციის შემცირებას განაპირობებს, რის გამოც ჯანდაცვის სისტემისთვის ხარჯთეფექტიანია.
„ეს პროგრამა ხელს უწყობს ასაკოვანი მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის წახალისებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ქრონიკული არაგადამდები დაავადებების (ეს განსაკუთრებით ეხება გულსიხლძარღვთა დაავადებების) პრევენციას. ასეთი ინიციატივა თავად მოსახლეობისთვისაა დადებითი და ჯანდაცვის სისტემისთვისაც არის ხარჯთეფექტიანი. ვისურვებდი, რომ მსგავსი პროგრამა იყოს არა მხოლოდ თბილისის დონეზე, არამედ რეგიონებში,“ - აცხადებს ვერულავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 2022 წელს დაიწყო.
ის პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ერთვებიან.
პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნესდარბაზები ყოველგვარი გადასახადის გარეშე. მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს, ვიზიტის ხანგრძლივობა კი 1 საათია. მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლებათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.