სააქციო საზოგადოება „ვიანი“  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს, რომელშიც ნათქვამია:


"სააქციო საზოგადოება „ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ ვიანის თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც ვიანს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

ვიანი განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება."

შეგახსენებთ, რომ სუსის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, რომლის  დიდი ნაწილიც კოვიდპანდემიის მწვავე ფაზაზე მოდის, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მაშინდელმა სამმა თანამშრომელმა  კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
თავის მხრივ, კლინიკების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მოხელებისთვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარი, ხოლო მეორემ - 76 771 ლარი.