ქართულმა სამედიცინო ტურისტულმა სტარტაპმა Connect-მა, რომელმაც სამედიცინო მომხმარებლები და სერვისის მიმწოდებლები ერთმანეთს უნდა დააკავშიროს, მუშაობა დაიწყო.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ლევან ჭანუყვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პლატფორმაზე ამ დროისთვის უკვე 27 მომხმარებელია დარეგისტრირებული და მათ შორის, არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები.

მისივე ინფორმაციით, გამოიკვეთა, რომ საქართველოს მიმართულებით ყველაზე დიდი მოთხოვნა სტომატოლოგიასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა, თურქეთის მიმართულებით თმის გადანერგვაზე, ხოლო გერმანიის - დაავადების დიაგნოსტიკასა და კვლევებზე.

"ოფიციალურად, 1 თვეში გავალთ ბაზარზე, თუმცა საიტმა მუშაობა 24 აპრილს დაიწყო და დღეის მონაცემებით, უკვე 27 ადამიანია დარეგისტირებული. ამას გარდა, 6-მა მოქალაქემ პირადად მოგვმართა. ეტაპობრივად ყველა მიიღებს მომსახურებას. ჩვენ კონკრეტულ კლინიკებთან გვაქვს თანამშრომლობა როგორც საქართველოში, ასევე თურქეთსა და გერმანიაში. მომხმარებელი ირჩევს ქვეყანას, სად სურს მომსახურების მიღება, რის შემდეგაც პლატფორმა თვითონ სთავაზობს ვარიანტებს და შემდეგ მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ კლინიკას. ამ ეტაპზე გვაქვს სამი მიმართულების სერვისი. ესენია: სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და ხელოვნური განაყოფიერება.

ჩვენი სერვისი უმეტესად არის ევროპიდან საქართველოში და თურქეთში. საქართველოდან თურქეთში მოთხოვნაა თმის გადანერგვის სერვისზე. დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მიმართ სტომატოლოგიაზე არის ინტერესი. გარდა ამისა, ზოგადად საქართველოს მიმართ ინტერესი ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებითაც საკმაოდ დიდია, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს  გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დაგეგმილია ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება თურქეთს - თურქეთის მიმართ თმის გადანერგვის, სხვადასხვა დაავადების სკრინინგის და ასევე, სტომატოლოგიის მიმართ არის ინტერესი, ხოლო გერმანიაში მომხმარებლების დაავადების დიაგნოსტიკაზე აქვთ მოთხოვნა“, - აცხადებს ლევან ჭანუყვაძე.

ცნობისთვის, სტარტაპი Connect-ი სამედიცინო მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს ინტერესების თანაკვეთისთვის ციფრულ სივრცეს სთავაზობს. სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებასა და ანგარიშწარმოებას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე პროცესში ჩართული ორგანიზაციებისთვის.

სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

bp.ge