როდის მიუბრუნდება პარლამენტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში დაგეგმილ რეგულაციებს და როდის ამოქმედდება ცვლილებები ამ მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია.
Jandacva.ge -სთან საუბარში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ მიმდინარე რიგგარეშე პლენარულ სხდომებზე, ცხადია, ეს ვერ მოხდება, შესაბამისად, შესაძლოა საკითხს პარლამენტი არჩევნებამდე, სექტემბერში დაუბრუნდეს, თუმცა პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ეს, დიდი ალბათობით, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხდება.
„კანონპროექტის განხილვა აუცილებლად გაგრძელდება. ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ეს სექტემბერში, რადგან მთელი ყურადღება ამ პერიოდში წინასაარჩევნო საკითხებზე იქნება მიმართული, თუმცა ამ თემას საკანონმდებლო ორგანო მიუბრუნდება. ამ ეტაპზე ვერც იმას გეტყვით, როდიდან შევა ძალაში რეგულაციები,“ - განაცხადა მიქელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციების პარალელურად, განიხილება რეპროდუქციული დარგის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების სახით. დეპუტატის თქმით, ასეთი პროგრამა უკვე მოქმედებს აჭარაში და მასზე დაკვირვების, ხარვეზებისა და შედეგების გაანალიზების საფუძველზე, უშვილო წყვილების დახმარების სახელმწიფო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს პარლამენტში აქტიურად განიხილებოდა პროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ლიცენზირებას, რეკლამის აკრძალვას, წესრიგდება კლინიკური საკითხები, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას.
სამინისტროს პოზიციაა, რომ აღნიშნული დარგის რეგულაცია აუცილებელია გარკვეული რისკების გამო. კერძოდ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. უწყებაში ამბობენ, რომ სერვისის შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.
პროექტის პირველადი ვარიანტი რეგულაციების 2025 წლის იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, შემდგომში კი ეს ვადა ერთი წლით შემცირდა და კანონი ძალაში 2024 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო. თუმცა განხილვები ამ ეტაპზე შეჩერებულია.
ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტმა ზვიად კორძაძემ რამდენიმე ხნის წინ, Jandacva.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კლინიკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ მათ მაინც აქვთ კითხვის ნიშნები და ეს აისახება მათ საქმიანობაზე. მისივე თქმით, რეგულაციების ამოქმედების შემთხვევისთვის სექტორს გარკვეული გეგმები აქვს შემუშავებული.
ცნობისთვის: ინვიტრო და სუროგაციის სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები მიმდინარე წლის იანვრიდან ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული გახდა, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
Jandacva.ge