„იმედის კლინიკამ“ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა  დავით კობეშავიძემ განაცხადა. 


მისი თქმით, აკრედიტაცია გერმანულმა კომპანიამ გასცა, რომლის წარმომადგენლებიც კლინიკაში აქტიურ რეჟიმში მუშაობდნენ, შეისწავლეს სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა და 22 ნოემბერს მისთვის აკრედიტაციის გაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

„იქნა მოცემული მთელი რიგი შენიშვნები და უწყვეტ რეჟიმში ვიწყებთ მუშაობას, რომ მომავალი აკრედიტაციისთვის ეს საკითხები გამოსწორებულ იქნას,“ - განაცხადა კობეშავიძემ. 


შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

საქართველოში უკვე შემოსულია ACHS International - ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს (ACHS) შვილობილი კომპანია. ქვეყანაში აქტიურად საქმიანობს აკრედიტაცია კანადას გუნდი - Accreditation Canada representative office in Georgia-ც, რომელიც მუშაობს 15 დაწესებულებასთან.


უკვე თვეებია აკრედიტაციის პროცესშია ჩართული ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  კიდევ ერთი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომელთანაც ქართულმა სამედიცინო სექტორმა თანამშრომლობა დაიწყო, გერმანული Temos international-ია. 


საქართველოში მოქმედი რამდენიმე კლინიკა უკვე ფლობს საერთაშორისო აკრედიტაციას, მათ შორისაა იაშვილის, გაგუას კლინიკები, ჩაფიძის გულის ცენტრი და სხვა.