გაეროს ბავშვთა ფონდის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ოჯახის ექიმთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ინტერპერსონალური კომუნიკაცია ძირითადი კომპეტენციის სახით სამედიცინო საბაკალავრო პროგრამებში დაინერგა. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში სამედიცინო განათლების გაძლიერების მიმართულებით და ხელს უწყობს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტთა ნდობის ზრდას მთელი სისტემის მასშტაბით.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, თსსუმ განახორციელა სასწავლო პროგრამის მასშტაბური რეფორმა, დანერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები და შექმნა კომუნიკაციაზე ორიენტირებული ახალი სილაბუსები, რომლებიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს ეფუძნება.

ძირითადი შედეგები მოიცავს: კომუნიკაციის უნარების ინტეგრაციას სწავლების ყველა საფეხურზე, კლინიკურ გამოცდებში კომუნიკაციის შეფასების დანერგვას, სასწავლო მასალების, მათ შორის, პრაქტიკული სასწავლო ვიდეოების შექმნას და აკადემიური პერსონალის უნარების გაძლიერებას სპეციალიზებული ტრენინგების მეშვეობით.

„ჯანდაცვის სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის ეფექტური კომუნიკაცია ხარისხიანი მომსახურების საფუძველია — ის განსაზღვრავს ნდობას, გადაწყვეტილებებსა და ჯანმრთელობის შედეგებს. ვაფასებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ძალისხმევას, კომუნიკაციის სწავლება სრულად ინტეგრირდეს ყველა პროგრამაში და უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი მდგრადობა. ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების ინსტიტუციონალიზებით, გაძლიერდება ჯანდაცვის სისტემა და გაჩნდება პაციენტზე ორიენტირებული პროფესიონალების ახალი თაობა. გაეროს ბავშვთა ფონდი ამაყობს იმ ინიციატივების მხარდაჭერით, რომლებიც ბავშვებსა და ოჯახებს ჯანდაცვის ცენტრში აყენებს, რადგან ძლიერი კომუნიკაცია ქმნის ნდობას და უფრო გამძლე ჯანდაცვის სისტემებს,“ — განაცხადა იზაბელა კასტროჯოვანიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
 
ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილება განაპირობა თსსუში — კომუნიკაცია განისაზღვრა, როგორც ძირითადი კლინიკური უნარი სამედიცინო განათლებაში — რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პაციენტთა ჩართულობის ზრდას და ჯანდაცვის მომსახურებების, მათ შორის, იმუნიზაციის, მიმართ ნდობის გაძლიერებას.

თსსუ და გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებენ მუშაობას კომუნიკაციის სწავლების გაძლიერებისა და გაფართოებისთვის, განსაკუთრებული აქცენტით ბავშვის უფლებებზე, შშმ პირთა ჩართულობასა და ციფრულ ჯანმრთელობაზე.