მიხეილ სარჯველაძე, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების განვითარებას.
“მდგრადი პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ფუნდამენტს არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არამედ - ეროვნული ჯანდაცვის სისტემების მდგრადობისთვის, ყველა დონეზე. გაერთიანებული ერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად ხაზს უსვამს, რომ პირველადი ჯანდაცვა უნივერსალური ჯანდაცვის უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ქვაკუთხედია. პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე სამართლიანი და ხარჯთეფექტური გზა, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არაგადამდები დაავადებებისგან ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებას და ადამიანების ფინანსური სირთულეებისგან დაცვას.
საქართველო სრულად იზიარებს ამ ხედვას. აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით. მათ შორის, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე და ქრონიკული დაავადებების მართვისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. წელს დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის ექიმების როლის გაძლიერებას, არაგადამდებ დაავადებათა გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე ინვესტიციების განხორციელებას ციფრულ ჯანდაცვის პლატფორმებში. ვნერგავთ ასაკზე მორგებულ კაპიტაციას, ასევე შედეგებზე დაფუძნებულ დაფინანსების სისტემებს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამატებით, 120 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. პარალელურად, განხორციელებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებამ და პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წამლებზე ხელმისაწვდომობა და უზრუნველყო მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების იდეები და განხილვები უკვე რეალობად იქცევა. მაგალითად, მიზნად დავისახეთ, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისების მოსახლეობასთან უფრო ახლოს მიტანა. დღეს ეს ხედვა რეალობად იქცა - საქართველოში მიმდინარეობს ციფრული ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს, სოფლად ახალი, ტელემედიცინის ინსტრუმენტების დანერგვასა და ციფრული შესაძლებლობების განვითარებას,” - განაცხადა მინისტრმა.