ფარმაცევტული ბაზარი
სახელმწიფო პირდაპირი შესყიდვის გზით იშვიათი დაავადებების მედიკამენტებსაც შეიძენს

ონკოლოგიური მედიკამენტების გარდა სახელმწიფო პირდაპირი შესყიდვის გზით წამლებს იშვიათი დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვისაც შეიძენს.ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, პირველი ასეთი ხელშეკრულება შვეიცარიულ „როშესთან“ გაფორმდა და ეს კომპანია ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე შეირჩა.„ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები რამდენიმე კომპანიის მიერაა ქვეყანაში წარმოდგენილი.  ონკოლოგიის მიმართულებით სახელმწიფო უკვე ფარავდა ამ მედიკამენტებს მოსახლეობისთვის. გასული წლების მონაცემები გაანალიზდა და „როშე“ პირველი აღმოჩნდა ამ შენარჩევში. ანუ სადაც მეტი ჰქონდა სახელმწიფოს დანახარჯი, ის კომპანია შეირჩა. ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა კომპანიებთან, რომ მივაღწიოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას, თითოეულ მედიკამენტზე ფასების კლებას, რადგან გვინდა მოსახლეობას უფრო მეტი მედიკამეტის მიწოდების შესაძლებლობა შევუქმნათ“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ.მისი თქმით, ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე ამოქმედდა რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც გენერიკებს ეხება, ამიტომ ამ სეგმენტში რეფერენტული ფასი გამართლებული პოლიტიკაა.ინოვაციური მედიკამენტები კი, მისივე განმარტებით, ერთი წყაროს მედიკამენტია, რომლის მოლეკულასაც მსგავსი პრეპარატი არ გააჩნია. შესაბამისად, ფასებიც მაღალია. ამიტომ, სულაბერიძის განმარტებით, პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატში, გარდა იმისა, რომ საშუამავლო კომპანიებისა და დისტრიბუციის მარჟები გათვალისწინებული არ არის და ფასებს ეს ნაწილი ეხსნება, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პირობებში მწარმოებელი კომპანია ფასს კიდევ უფრო აკლებს. ლელა სულაბერიძის თქმით, სხვა ქვეყნებს ამ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების დიდი გამოცდილება აქვთ და მათ უკვე საქართველოც შეუერთდა.მისივე განცხადებით, “როშე“ იყო პირველი კომპანია, რომელთანაც სახელმწიფომ ამ სახის ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მოლაპარაკებები ონკოლოგიური მედიკამენტების მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს. განიხილება ასევე იშვიათი დაავადებების მიმართულება, სადაც ინოვაციების ხვედრითი წილი უფრო მაღალია. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, ლელა სულაბერიძის თქმით, აქ დაფინანსების სისტემა სხვაგვარია, კერძოდ, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულებას ანაზღაურებს  მას შემდეგ, რაც პაციენტი აფთიაქში მიდის წამლის შესაძენად. შესაბამისად, პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება ამ მიმართულებით არ განიხილება.ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და  ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს  დაფარავს.  

„ვმუშაობთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან“ – სახელმწიფომ მედიკამენტების შეძენა ახალი ფორმატით დაიწყო

საქართველომ პირდაპირი შესყიდვის წესით საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან პირველი ხელშეკრულება გააფორმა, პარალელურად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია "როშს" შორის ხელშეკრულება გუშინ  გაფორმდა.დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო შვეიცარიული კომპანიისგან  სხვადასხვა დასახელების პრეპარატს  მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით შეიძენს.„ეს არის პირველი ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოსთან ამ ტიპით გაფორმდა. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე და შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად დავფარავთ ონკოლოგიური მედიკამენტების ბაზარს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. შედეგად, პაციენტებისთვის შევქმნით იმ შესაძლებლობას, რომ ლიმიტი აღარ იარსებებს და იმ მასშტაბს, რაც მათ ჭირდებათ სამკურნალოდ, სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე აიღებს. ამ ეტაპზე არსებობს 25 ათასი ლარის ლიმიტი, რომლითაც პაციენტებს მედიკამენტებს სახელმწიფო უფინანსებს. გააჩნია მედიკამენტს, ზოგიერთი ძალიან ძვირადღირებულია, ზოგიერთი - ნაკლებად. ინოვაციური მედიკამენტების ბაზარი ისეა ორგანიზებული, რომ რაც უფრო ახალი და ექსკლუზიურია მედიკამენტი, რა თქმა უნდა, ფასი ძალიან მაღალია. რიგ შემთხვევაში, იგივე „როშის“ მედიკამენტებთან მიმართებაში, მაღალფასიანი იყო და არ იძლეოდა საშუალებას, რომ ლიმიტის ფარგლებში სრული კურსი დაფინანსებულიყო,“ - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. 

სახელმწიფომ პირდაპირი შესყიდვის გზით ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და  ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს  დაფარავს.  ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია "როშეს" შორის ხელშეკრულება დღეს  გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან  სხვადასხვა დასახელების პრეპარატს  პირდაპირი წესით,  მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა.ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.  მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა."მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა,  დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე კი  ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა,"- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  უწყება ასევე ავრცელებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აიდი გრაუს განცხადებას:"ეს ძალიან ინოვაციური მომენტია, საქართველოს სამედიცინო ისტორიაში. ამ პროგრამით, საქართველოს მთავრობა და კომპანია "როში", ონკოლოგიურ მედიკამენტებზე პაციენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. პრეპარატების ღირებულებას, სახელმწიფო აანაზღაურებს და შესაბამისად პაციენტი ფინანსური რისკის წინაშე არ იდგება."  "როშის" რეგიონული ხელმძღვანელის ანდრიანო  ტრევეს თქმით კი, ქართველი ონკოპაციენტებისთვის,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა."ჩვენი კომპანია, ამაყია იმით, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ქართველი პაციენტების, ინოვაციურ, ონკოლოგიურ თერაპიებზე ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი. დღეს მართლაც შესანიშნავი დღეა და მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფოსთან პარტნიორობით, ქართველი პაციენტები შეძლებენ საუკეთესო მკურნალობის მიღებას,"- განაცხადა ტრევემ. 

"შრომით ბაზარზე ფარმაცევტების დეფიციტია"

შრომით ბაზარზე ფარმაცევტების დეფიციტია, რის გამოც კადრების გადინების მატების შემთხვევაში, შესაძლოა, კადრების მოსაძიებლად დიდი ხარჯების გაწევა გახდეს საჭირო. ამის შესახებ სს „გეფას“ 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.დოკუმენტის თანახმად, ჯგუფის წარმატება დამოკიდებულია მის უნარზე მიიზიდოს და შეინარჩუნოს პროფესიონალი ფარმაცევტები. ხოლო თუ კომპანია ვერ შეძლებს წარმატებით შეასრულოს ეს ფუნქცია, ჯგუფის განვითარება, შეთავაზებული სერვისების ხარისხი და რეპუტაცია საფრთხის წინაშე იქნება.„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს საკითხი და ჯგუფი ბევრ რესურსსა და ენერგიას ხარჯავს ამ მიმართულებით, რაც გამოიხატება კონკურენტუნარიან ბონუსებსა და სხვა სარგებელში, რომელსაც ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ,“ - ნათქვამია ანგარიშგებაში. დოკუმენტის თანახმად, კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საოპერაციო საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებზე. ამის გათვალისწინებით, ჯგუფის განცხადებით, ის ცდილობს წაახალისოს თანამშრომელთა ჩართულობა ინფორმაციის მუდმივი გაზიარების გზით.