ამერიკის წამლისა და საკვების მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) Pfizer -ისა და Moderna-ს კოვიდ საწინააღმდეგო, განახლებული ვაქცინები დაამტკიცა. ისინი ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება. cnbc.com-ის ინფორმაციით, შტატებში კოვიდით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იზრდება.
FDA-ს მონაცემებით, ახალი ვაქცინები ომიკრონის XBB.1.5 ვარიანტზეა მიმართული და ისინი დამტკიცებულია 12 წლისა და მაღალი ასაკის ადამიანებისთვის. ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში.
აგვისტოში ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ Pfizer-ის, Modernaსა და Novavax-ის ახალი აქცინები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სექტემბრის შუა პერიოდისთვსი გახდებოდა. FDA-ს ბოლო გადაწყვეტილებაში Novavax-ის ვაქცინები არ ფიგურირებს.
განახლებული ვაქცინების გამოჩენა ამერიკელებს დაცულობის გარკვეულ განცდას უქმნის, რადგან ქვეყანაში კოვიდით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მატულობს.
მართალია, ვაქცინები არაა მიმართული ამჟამად დომინირებულ ვარიანტებზე, მაგრამ მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ვაქცინები ამ შტამისგან დაცვას მაინც უზრუნველყოფს, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდება, როცა ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან და უფრო ცივი ამინდები დადგება.
Moderna-ს ხელმძღვანელობა მოუწოდებს ამერიკელებს, გაიკეთონ განახლებული აცრა გრიპის ვაქცინაციასთან ერთად.
შტატებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო 7 კვირის განმავლობაში, ყოველკვირეულად 15%-ით იზრდება.
ეს ზრდა უკავშირდება ახალ შტამს, როგორიცაა EG.5, იგივე „ერისი.“ CDC-ის ინფორმაციით, ომიკრონის ამ შტამზე შემთხვევების დაახლოებით 22% მოდის.
Pfizer-მ, Moderna-მა და Novavax-მა გამოაქვეყნეს მონაცემეbი, რომლeბიც ადასტურებს, რომ მათი ახალი ვაქცინები „ერისისგანაც“ იცავს.
Pfizer-შიც და Moderna-შიც ასევე აცხადებენ, რომ მათი განახლებული ვაქცინები წარმოქმნის ძლიერ იმუნიტეტს BA.2.86 ვარიანტის წინააღმდეგ, რომელსაც ჯანდაცვის უწყებები ყურადღებით აკვირდებიან.
„მოსალოდნელია, რომ განახლებული ვაქცინები უზრუნველყოფს კარგ დაცვას COVID-19-ის ამჟამად მოცირკულირე ვარიანტებისგან“ - ნათქვამია FDA-ს განცხადებაში.