დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაზღვევის პოლისის საშუალო თვიური ღირებულება ერთ წელიწადში 10-12%-ით გაძვირდა და 37,88 ლარი შეადგინა. 

ბუნებრივია, ამ ღირებულების სადაზღვევო პაკეტი სერვისების სათანადო სპექტრს ვერ დაფარავს. მომხმარებელთა მოთხოვნები და სამედიცინო ინფლაცია კი მუდმივად იზრდება. ამიტომ, სპეციალისტების დიდი ნაწილი წლებია ითხოვს მინიმალური სავალდებულო პაკეტის შემოღებას.

ამ ექსპერტებს შორისაა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე, რომელიც 
jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს პაკეტები, რომელთა ღირებულებაც 20 ლარია. ეს კი ხარისხიან დაზღვევას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, მორჩილაძის განმარტებით, უნდა იქნას შემოღებული პოლისის მინიმალური პირობები, თუმცა ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ პოლისის სავალდებულოობა. პაკეტის დაფარვები მოქალაქეების შემოსავლებსა და სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გააუმჯობესონ მინიმალური პაკეტის პირობები.

„ცვლილებები მიღებული უნდა იქნას არა რომელიმე ექსპერტის დაჟინებული ფიქრის შედეგად, არამედ იმ სქემების მიხედვით, რომლებიც დიდი ხანია არსებობს ევროპაში. გაეცნონ, როგორი სქემებია ევროპაში. თუ ევროკავშირში შესვლა გვსურს, ჯანმრთელობის დაზღვევაც ევროპული სქემების მიხედვით უნდა ავაწყოთ, ესაა კარგად გამოცდილი პრაქტიკა, ამიტომ თუკი მოქალაქეებს კარგად აუხსნიან ამ სქემების სიკეთეებს, გახსნიან დისკუსიას, ამ ცვლილებას არანაირი პრობლემები არ მოჰყვება. გადაწყვეტილების მიმღებნი უნდა გაეცნონ ევროპულ სქემებს და შემოიღონ ისეთი მოდელი, რაც ამ ეტაპზე მისაღები იქნება არსებული კომპანიებიდან გამომდინარე, რომლებსაც სამედიცინო დაზღვევაში ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ,“ - განაცხადა მორჩილაძემ.