პირველი კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის წილმა 53,2% შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 56,23% იყო. მეორე ადგილზე ბაზარზე არსებული წილის მიხედვით სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევაა, რომელზეც 17,66% მოდის. შემდეგ მოდის სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა 7-8%-იანი მაჩვენებლებით.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით მოზიდულმა პრემიამ 212 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 494 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 397 მილიონ ლარს.