"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" მიერ „არდი დაზღვევის“ შეძენის შემდეგ პირველი მათგანის წილი სამედიცინო დაზღვევის სექტორში საკმაოდ მაღალ ნიშნულს - 35,6%-ს აღწევს. ეს ციფრია დასახელებული აღნიშნულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ დასახელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა. ამასთან, ინფორმაციაში საინტერესო დეტალებზეა საუბარი.
კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ „არდის“ საბაზრო წილი სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე შეადგენს 16.9%-ს, „იმედი ელ-ის“ და „ალდაგის“ („საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) ერთობლივი წილი - 18.7%. ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა შეადგინა 1453 ერთეული. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, საბაზრო წილი 35.6%-მდე, ხოლო კონცენტრაციის ინდექსი 2090 ერთეულამდე იზრდება.
„კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, ავტოდაზღვევის ბაზარზე ადგილი არ აქვს დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას. რაც შეეხება სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის ბაზარს, ამ შემთხვევაშიც არ აქვს ადგილი დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას, თუმცა საბაზრო წილი მაღალია და შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით გაეანალიზებინა ბაზრის სტრუქტურა/სპეციფიკა, რათა გამორიცხულიყო კონკურენციის შესაძლო (არსებითი) შეზღუდვა შესაბამის ბაზარზე.საბოლოო შეფასებით, აღნიშნული კონცენტრაცია სამედიცინო (ჯანმრთელობის) და ავტო დაზღვევის ბაზარზე გავლენასთან დაკავშირებით არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან,“ - ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის: კანონის თანახმად, კომპანია დომინანტური მდგომარეობის მქონედ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ შესაბამის ბაზარზე მისი წილი 40 პროცენტს აღემატება.
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც 2015 წელს დაარსდა.
მისი და მისი შვილობილი კომპანიების საბოლოო მშობელი კომპანიაა ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალი“. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის, წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, სადაზღვევო და საგანმანათლებლო ბიზნესებს. ჯგუფი ასევე, ფლობს რამდენიმე მცირე ზომის ბიზნესს სხვადასხვა სექტორში და არის ქვეყანაში ერთ-ერთ წარმატებული ბანკის – „საქართველოს ბანკის“ 20.6%-ის წილის მფლობელი.