საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ორსულს აქვს უფლება, ორსულობის განმავლობაში 8-ჯერ სახელმწიფოსგან უფასო მომსახურებები მიიღოს.

პირველი ვიზიტი მოიცავს შემდეგ სერვისებს: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) სისხლის საერთო ანალიზი; გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა; დ) სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა; ე) რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში; ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივინფექცია და სიფილისი); ზ) ულტრაბგერითი გამოკვლევა; თ) სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა. მეორე კონსულტაციაში შედის: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მესამე ვიზიტი: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში; დ) რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში; ე) სკრინინგი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მიზნით.

მეოთხე ვიზიტი: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; გ) სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.

მეხუთე ვიზიტი: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

მეექვსე ვიზიტი: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში; დ) ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე გამოკვლევა; ე) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მეშვიდე ვიზიტი: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

მერვე ვიზიტი: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

სახელმწიფო ასევე აფინანსებს გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენა ორსულებში, რაც მოიცავს:

  • გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგულ გამოკვლევას სამმაგი ტესტ-სისტემით;
  • სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიურ კვლევას (ამნიოცენტეზი), კარიოტიპირების მეთოდით.

ყველა ორსული ორსულობის 13 კვირამდე უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით, ხოლო დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში - რკინის შემცველი პრეპარატით.

პროგრამის მოსარგებლენი არიან:

ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა ორსული.

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის - მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები (ქ. თბილისის მასშტაბით):

  • ქრომოსომული/გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
  • ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
  • ანამნეზში მკვდრადშობადობა ან ჩვეული აბორტები (3-ზე მეტი);
  • ქალის ასაკი - 35 და მეტი წლის;
  • ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
  • ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
  • ხელოვნური განაყოფიერება;
  • ორსულს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ორსულობის პერიოდში მავნე ფაქტორების ზემოქმედება: ტერატოგენური მოქმედების მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები, იზოტრეტინოინი, ვარფარინი, ციტოსტატიკები);
  • ინფექციების მწვავე ფორმები: ციტომეგალოვირუსის და ტოქსოპლაზმას მწვავე ფორმები, სიფილისი, წითურა; ტერატოგენური მოქმედების ქიმიური აგენტები, მაიონიზირებელი რადიაცია.

სახელმწიფო სერვისების მისაღებად, ორსულმა, ორსულობის 13 კვირის ვადამდე, უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიცემა მათზე ფოლიუმის მჟავა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატის მიღებას, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული რეცეპტის და პირადობის მოწმობის საფუძველზე, ორსული შეძლებს აფთიაქებიდან.

პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართათვის.