წელს ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე სახელმწიფო მილიონ ლარს დახარჯავს.
ამას 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს.
როგორც jandacva.ge უკვე წერდა, სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად, ბავშვების ტყვიით მოწამვლის რისკები ქვეყანაში მინიმუმამდეა შემცირებული. კერძოდ, საუბარია ჰაერის, სათამაშოებისა და ლაქ-საღებავების დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის რისკების კლებას გულისხმობს.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბიომონიტორინგის კომპონენტი მოიცავს შემდეგ სერვისებს:
სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე;
ქ.თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე. ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით, ასევე მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები) გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო სერვისებით მოცვას. ასევე, ორსულობის მესამე და/ან მეოთხე ტრიმესტრში პერიოდში სისხლში ტყვიის 10მკგ/დლ-ის შემცველობის შემთხვევაში, მათი ახალშობილების გამოკვლევას ტყვიაზე და ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს დამატებით დიაგნოსტიკას, მათ შორის ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, ბავშვის მშობლებისათვის საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიის შესაძლო წყაროების შესახებ.
იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 10 მკგ/დლ-ზე, ტყვიის პოტენციური წყაროების დადგენის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის მანძილზე ხდება საცხოვრებელი გარემოს, ასევე ჰაერის, წყლისა და ნიადაგის შესწავლა.