ბოლნისში დასრულდა პროფესიული სასწავლებლის შენობის მშენებლობა, სადაც დატვირთვა მთლიანად სამედიცინო მიმართულებებზე იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას, პროფესიულ განათლებაზე საუბრისას განაცხადა. 


მისი თქმით, ამ ეტაპზე იგეგმება აღნიშნული კოლეჯის პროგრამების ავტორიზაცია. საუბარია 
ფარმაცევტულ, საექთნო და სტომატოლოგიურ მიმართულებებზე.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 29 სახელმწიფო და დაახლოებით იგივე რაოდენობის კერძო კოლეჯია და მათში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. 


გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტროს მიზანია, პროფესიული განათლების პრესტიჟი ქვეყანაში ამაღლდეს. ამ მიზნით ახალ კანონზეც მიდის მუშაობა, რომლის შედეგადაც კოლეჯებში დაგროვებული კრედიტების აღიარება უმაღლეს სასწავლებლებში მოხდება.