გადამოწმებული 32 ათასი ოჯახიდან საარსებო შემწეობა ნახევარზე ოდნავ ნაკლებს მოეხსნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმების დაწყება ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. მიხეილ სარჯველაძემ მაშინ განმარტა, რომ პანდემიის პერიოდიდან ბაზების გადამოწმებაზე მორატორიუმი იყო დაწესებული, ამ ხნის განმავლობაში კი ბევრმა ოჯახმა სიღარიბე დაძლია და მეტიც - ფიქსირდებოდა შემთხვევები, როცა სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახები ძვირადღირებულ ავტომობილებსაც კი ყიდულობდნენ.

ირინა წაქაძის თქმით, სიღარიბის დაძლევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის - მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ.

„ის პროგრამები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს - იგივე პენსია, კომპენსაცია, საარსებო შემწეობა - არაა ის გასაცემლები, რომლებიც პირდაპირ სიღარიბის დაძლევისკენაა მიმართული. ეს შეიძლება იყოს დამხმარე მექანიზმი, მაგრამ ადამიანი პენსიის მიღებით სიღარიბეს ვერ დაძლევს. ამას ხელს უწყობს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მრავალრიცხოვანი ბენეფიტები, რომლებსაც ჩვენი ბენეფიციარები იღებენ მუნიციპალიტეტების დონეზე - ეს იქნება გაუმჯობესებული ჯანდაცვის პაკეტები თუ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც მუნიციპალიტეტები სთავაზობენ მათ და ა.შ.“ - განაცხადა წაქაძემ.

მისივე თქმით, სოცდაუცველთა შეფასების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაში საქართველოს მსოფლიო ბანკი ეხმარება და ეს ახალი მეთოდოლოგია სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება. რაც შეეხება გადამოწმების პროცესს, მინისტრის მოადგილეს პირველი შედეგების სტატისტიკა მოჰყავს:

„როდესაც ამ წლის თებერვალში დავიწყეთ გადამოწმება, ბაზაში იყო 158 ათასი ოჯახი. აქ საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც იღებდნენ საარსებო შემწეობას, თორემ სოციალურად დაუცველთა ბაზა უფრო დიდია - ეს იყო 700 ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ გადამოწმება დავიწყეთ 20 თებერვლიდან, დღეისთვის გადამოწმებული გვყავს დახლოებით 32 ათასი ოჯახი და ყველა  პარამეტრი გვიჩვენებს, რომ, საბედნიეროდ, ამ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა სიღარიბე დაძლია. შეიძლება, მათი მატერიალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში  ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებზე დაყრდნობითაც თავდაპირველად ბაზაში მოხვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა. აქედან გამომდინარე, ამ წუთის მონაცემებით, გადამოწმებული ოჯახების ნახევარზე ოდნავ ნაკლებს შეუწყდა საარსებო შემწეობა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანვე განმარტა ის სიახლე, რომლის მიხედვით, თუკი სოცდაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის თითოეული წევრის შემოსავალი (ანუ ოჯახის შემოსავალი, გადანაწილებული მის თითოეულ წევრზე) 1250 ლარზე მეტია, ამ ოჯახს საარსებო შემწეობა გადამოწმების გარეშე შეუწყდება.

„თუ ოჯახს - არა მთლიანად ოჯახს, არამედ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ყოველთვიურად შემოსავალი 1250 ლარზე მეტი - ესეც არა ერთჯერადად, არამედ მაგალითად ბოლო სამი თვის განმავლობაში - ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი რომ გადამოწმებულიყო სრულყოფილად, სოციალური აგენტის მიერ, ძალიან დიდი ალბათობით ამ ოჯახს საარსებო შემწეობა ისედაც შეუწყდებოდა,“ - განმარტა წაქაძემ და აღნიშნა, რომ თუ ოჯახები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ გაასაჩივრონ და მოითხოვონ არსებითად სრუყოფილად გადამოწმება.