ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა და აამოქმედა სპეციალური ელექტრონული პორტალი - https://nursecertification.moh.gov.ge/auth, სადაც საქართველოს მოქალაქე ყველა მოქმედმა ექთანმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ექთნების ავტორიზაცია აუცილებელია.

ავტორიზაციის მიზნით, მსურველებმა უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი, რომელშიც უნდა მიუთითონ საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და ინფორმაცია განათლების შესახებ. განაცხადს უნდა ერთვოდეს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ელექტრონულ ავტორიზაციას არ ექვემდებარებიან. ამის ნაცვლად, ექთნებმა, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, უნდა წარადგინონ პასპორტი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი  მატერიალურად და შეავსონ განაცხადის ფორმა.

წარმოდგენილი დოკუმენტების  განხილვისა და დადასტურების შემდგომ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა.

როგორც ცნობილია, 2027 წლის 1 ივლისიდან ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობა მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციისა და სერთიფიკატის არსებობის პირობებში იქნება დასაშვები. შესაბამისად, რეგულირების სააგენტო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, დროულად დარეგისტრირდნენ პორტალზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 15-05 ან მობილურ ტელეფონზე: 591971148.

აქამდე ქვეყანაში არ არსებობდა ზუსტი მონაცემები ექთნების რაოდენობისა და მათი კვალიფიკაციის შესახებ. რეესტრი საშუალებას მისცემს სამინისტროს, უკეთ დაგეგმოს პროფესიული განვითარების პროგრამები და გადამზადების კურსები.

რეგისტრირებული ექთანი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს პროცესი არის პირველი ნაბიჯი საექთნო საქმის რეფორმისკენ, რაც მომავალში პროფესიულ ლიცენზირებასა და სტატუსის ამაღლებას გულისხმობს.

რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დიპლომი, ისინი რეესტრში ვერ დარეგისტრირდებიან, თუმცა მათ აქვთ მუშაობის უფლება 2027 წლის 1 ივლისამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დიპლომის გარეშე პირი შეიძლება დასაქმდეს მხოლოდ ექთნის თანაშემწედ.