ჯანდაცვის მინისტრი  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს.


ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

შემთხვევა, რომელზეც სამინისტროს ინფორმაციაშია საუბარი, რამდენიმე დღის წინ მოხდა: ქუთაისში, სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცს ფიზიკური დატვირთვის შედეგად დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილის ფონზე დაკარგა გონება.


პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადმოცემით, ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გულ - ფილტვის რეანიმაცია, კარდიომონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. წარმატებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განხორციელდა დეფიბრილაცია, აღდგა სუნთქვა და პულსი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ამიტომ პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადაწყვეტილებით წარმატებით იქნა გამოყენებულ ძვალშიდა კათეტერი.


სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეყვანილ იქნა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ბრიგადაში შედიოდნენ პარამედიკოსი გიორგი გაბედავა, ექთანი თორნიკე ივანეიშვილი და მძღოლი ნიკოლოზ კვანტალიანი" (წყარო - გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად").