პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებას მხარი 81 ხმით დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

მანამდე აღნიშნული განაკვეთი 60 ლარს შეადგენდა. 

ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები - დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე არიან. 

არიან. მათი განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.

„საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა.
დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.

თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება.

აღნიშნულ ცვლილებაზე საკუთარი მოსაზრება არაერთხელ დააფიქსირა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ცვლილებებმა შესაძლოა იმ მიღწევებს გადაუსვას ხაზი, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევით მიაღწია თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების გზაზე, მეორე მხრივ კი განაგრძოს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან პოლიტიკის შემუშავებაში ჩარევის შემაშფოთებელი ტენდენცია. „ეს ინიციატივა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ქვეყნის ეკონომიკას და მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება,“ - ასეთია ორგანიზაციის პოზიცია.