ქვეყანაში წითელას შემთხვევები იზრდება. ცნობილი ხდება იმის შესახებ, რომ შარშან ქვეყანაში წითელათი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რის შესახებაც მანამდე მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა. 
ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს უკვე დაფიქსირებულია ვირუსული ინფექციის 142 შემთხვევაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ჩხაიძის განმარტებით, ყველაზე მეტად წითელა გავრცელებულია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. გარდაცვალების შემთხვევაც, მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება. ბავშვი კი, რომელიც წითელას გართულებებს ემსხვერპლა, ამ ინფექციაზე აცრილი არ ყოფილა. 


სწორედ ამიტომ, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საჭიროა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს.

"წინა წლებთან შედარებით, მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამოტოვებული ვაქცინა რისკის შემცველია არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ რისკის შემცველია ოჯახში მყოფი ასაკიანი ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ორსულებისთვის. ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს 5-10 წელი და სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება - პანიცეპალიტი განვითარდება, ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება ახლა, ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.