გასულ კვირაში საქართველოში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ევროპის სამხრეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმკურნალა და უკვე სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ვირუსის შემთხვევები ქვეყანაში პერიოდულად ფიქსირდება - წელიწადში 7-8, თუმცა ყველა მათგანი უცხოეთიდან შემოსულ, უკვე დაინფიცირებულ პაციენტებს გამოუვლინდა, ადგილობრივი დაინფიცირება (ანუ დაინფიცირებული პაციენტიდან კოღოს საშუალებით სხვა ადამიანის დაინფიცირება) კი არასდროს დაფიქსირებულა.
“სამწუხაროდ ხედავთ რომ მთელ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში დენგეს გადამტანი კოღო უკვე საკმაოდ გავრცელებულია. ჩვენს ქვეყანაში დენგეს გავრცელების რეალური რისკი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ დამდგარ წყალს - განსაკუთრებით სდაც საბურავებია იმიტომ, რომ როცა საბურავში წვიმის წყალი დაგროვდება და შემდეგ მზეზე გახურდება, ესაა იდეალური პირობები იმ კოღოს გასამრავლებლად, რომელსაც დენგე გადააქვს. ამიტომ სადაც საბურავებია, ის ადგილი გადახურული უნდა იყოს, რომ წვიმა არ მოხვდეს. ესაა პროფილაქტიკა,” - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მსოფლიო მასშტაბით დენგე კოღოთი გადამდები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი, ვირუსული დაავადებაა. წელს მსოფლიოში დაფიქსირებულია 500 000-ზე მეტი შემთხვევა და 100-ზე მეტი გარდაცვალება. დაავადება აქტიურად ცირკულირებს აზიის, ლათინური ამერიკისა და წყნარი ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში.
ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება დაინფიცირებიდან 4–10 დღეში.
ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ცხელება (39–40°C), თავის ძლიერი ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გამონაყარი, ძლიერი სისუსტე.
დაავადება არ გადადის პირდაპირ ადამიანიდან ადამიანზე ჩვეულებრივი კონტაქტით.
პრევენციის სახით გამოიყენება კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტები, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, ფანჯრების და კოღოს ბადეები, დამდგარი წყლის ადგილებიდან შორს ყოფნა, რადგან ასეთ გარემოში კოღოები კარგად მრავლდებიან.
რაც შეეხება საქართველოს, რისკი იმ მოქალაქეებისთვისაა, რომლებიც სამოგზაუროდ ტროპიკულ ქვეყნებში მიემგზავრებიან. ასეთ შემთხვევაში მათ ზემოთმოყვანილი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ და წინასწარ გაცენონ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საფრთხეებისა და მათგან დაცვის საშუალებებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ვირუსი, გლობალური დათბობის გამო კოღოების ინტენსიურად გავრცელების პირობებში, სამხრეთ ევროპის ქვეყნებშიც ვრცელდება. აქ უკვე გამოჩნდა აზიური ვეფხვის კოღო (Aedes albopictus), რომელსაც შეუძლია დენგეს ვირუსის გადატანა. ამის გამო მცირე აფეთქებები იყო საფრანგეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ხორვატიაში. ამ რეგიონში რისკი არის, თუმცა დაბალია. მათ, ვისაც სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღებს სურს, შეუძლია გამოიყენოს კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტი, შებინდებისას და დილით გრძელსახელოები ტანისამოსისა და შარვლების ჩაცმაა რეკომენდებული.
მოგზაურობიდან 2 კვირის განმავლობაში თუ განვითარდა მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი ან გამონაყარი, ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და უთხრას, რომ მოგზაურობიდან დაბრუნდა.





